რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის 44 პაციენტია მოთავსებული
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის 44 პაციენტია მოთავსებული

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნაწილის კი, დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხდა.

მისი თქმით, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ახალი ინფიცირებული პაციენტი გუშინ მიიღო. საშუალო ასაკის მამაკაცის ინფიცირების წყარო უკვე დადგენილია.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 პაციენტია. აქედან 44 არის დადასტურებული კოვიდდადებითი. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენთან გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან. მისი ინფიცირების წყარო იმავე კლინიკაში დადგინდა, სადაც დაუდასტურდა კოვიდდიაგნოზი. ის საშუალო ასაკის მამაკაცია, რისკჯგუფში არ შედის, საბედნიეროდ, არ აქვს მძიმედ გამოხატული პნევმონია.

ასევე, გუშინწინ და გუშინ ჩვენი კლინიკა დატოვა 10-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. საერთო ჯამში რესპუბლიკურ კლინიკაში გამოჯანმრთელებულია სულ 17 პაციენტი. დანარჩენი ჩვენთან მყოფი კოვიდინფეცირებული პაციენტებიდან არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კრიტიკული ან მძიმე, საშუალო სიმძიმით შეიძლება, შევაფასოთ რამდენიმე პაციენტი, რომელთაც პნევმონია აქვთ დადგენილი. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია უტარდებათ მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად“, – აცხადებს ლევან გოფოძე.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკური კლინიკის ე.წ. ცხელების ცენტრში კვლავ გრძელდება პაციენტების მიღება.

„ე.წ. ცხელების ცენტრში ისევ შემოდიან პაციენტები, ხდება მათი გამოკვლევა და შემდეგ გადამისამართება. გუშინ ჩატარდა რამდენიმე რეტესტირება. ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე იყო მართვით სუნთქვაზე გადასვლის ზღვარზე“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.