რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი რჩება.
კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი ტოვებს.
„ამ დროისთვის კლინიკაში არის 61 პაციენტი, რამდენიმე პაციენტი გადადის საკარანტინო ზონაში. 39 კოვიდ ინფიცირებულიდან ერთი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკას უკვე დადასტურებული დიაგნოზით, ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატება.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხუთი პაციენტი, კოვიდ დადებითი დაგვემატება დღის განმავლობაში სხვა საავადმყოფოებიდან. ჩვენთან გუშინ ჩატარდა 13 პაციენტზე ტესტირება, ყველა მოვიდა უარყოფითი.
ამ ეტაპზე 38 პაციენტია კოვიდინფიცირებული, მათგან ყველა არის სპონტანურ სუნთქვაზე, ორის მდგომარეობა საყურადღებოა, სხვა ყველა არის სტაბილურად“, – განაცხადა თეა თავარქთილაძემ და დასძინა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 21 პაციენტის ანალიზია გაგზავნილი.