რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 26 კოვიდინფიცირებული ჰყავს, მათ შორის 11 კლინიკის თანამშრომელია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროსთვის 30 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 26 კოვიდინფიცირებულია.
კლინიკას ხუთი ახალი შემთხვევა დაემატა, აქედან ორი მედდაა.
„გუშინდელი ანალიზების მიხედვით, ხუთი პაციენტი დაგვემატა, აქედან სამი ცხელების ცენტრიდან და ორი მედპერსონალიდანაა – ორი მედდა“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, გოფოძის განმარტებით, განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაციენტი, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს და რენიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ასევე, გვყავს ორი განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აქვთ დადასტურებული. ისინიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, მაგრამ მართვით სუნთქვაზე არ არიან, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ“,- განაცხადა ლევან გოფოძემ და დასძინა, რომ ორი ინფიცირებულის მდგომარეობა, რომლებიც მედპერსონალიდანაა, დამაკმაყოფილებელია.
„რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადებას არ ჰქონია, მაგრამ ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.
ლევან გოფოძის ინფორმაციით, სულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის 11 წარმომადგენელია ინფიცირებული.
„ჯამში თერთმეტია მედპერსონალიდან. საკარანტინო სივრცეშიც თერთმეტია მედპერსონალიდან გადაყვანილი. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს და თუ ვინმეს გადაყვანა იქნება საჭირო, ისინიც გადავლენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, გუშინ ერთი გამოვაჯანმრთელეთ და სახლში გავუშვით“,- განაცხადა გოფოძემ.
რაც შეეხება მედპერსონალის ინფიცირების წყაროს, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია.
„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გარედან შემოტანილი ინფექცია. ამის მტკიცება ცოტა ძნელია. რაც შეეეხება უსაფრთხოებოს ნორმების ცვლილებას, ჩვენ არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლო, რითიც ვმუშაობდით სამთვენახევარის განმავლობაში, იყო შეუვალი კოვიდ ინფექციისათვის, შესაძლებელია, გარედან მოხვდა ეს ინფექცია ჩვენთან. სხვა მხრივ, დღესაც ყველა პროტოკოლის სრული დაცვით მუშაობს, მათ ვერაფერს დავუმატებთ, სკაფანდრით დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებებით, ჩვენი მედპერსონალო უზრუნველყოფილია. სხვა არის, თუ ვიღაცამ ეს წესი დაარღვია, აღნიშნულის შესახებ ძიებაც მიმდინარეობს. თუ გამოაშკარავდება დარღვევის შემთხვევები, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი რამ ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.