რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე 50 დღით ადრე პენსილვანიაში, იარაღის საწარმოში დემოკრატ გუბერნატორთან ერთად ზელენსკის მისვლა უცხოური ჩარევის ტოლფასია
რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე 50 დღით ადრე პენსილვანიაში, იარაღის საწარმოში დემოკრატ გუბერნატორთან ერთად ზელენსკის მისვლა უცხოური ჩარევის ტოლფასია

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ ინტერვიუში რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი დი ვენსი გააკრიტიკა, ასევე პენსილვანიაში, იარაღის საწარმოში დემოკრატ გუბერნატორთან ჯოშ შაპიროსთან ერთად იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პენსილვანიის საწარმოში ვიზიტი ზელენსკის მხრიდან დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის სასარგებლოდ აგიტაციას უდრიდა.

„დღეს ზელენსკი ღიად აწარმოებს კამპანიას დემოკრატების სასარგებლოდ პენსილვანიის საბრძოლო ველზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დაახლოებით 50 დღით ადრე. ეს არარეალურია“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში რესპუბლიკელმა სენატორმა, ერიკ შმიტმა.

ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და სენატორობის ყოფილი კანდიდატი შონ პარნელი აცხადებს, რომ ეს არის არჩევნებში უცხოური ჩარევა. მისი თქმით, ზელენსკი პენსილვანიაში იმყოფებოდა, სადაც გუბერნატორ შაპიროსთან ერთად ჭურვებზე ხელმოწერები დატოვა.

„ზელენსკი ასევე თავს ესხმის ჯეი დი ვენსს ქვეყნის უდიდეს, ყველაზე მნიშვნელოვან გადამწყვეტ შტატში საარჩევნო წელს. თუ ეს არ არის უცხოური ჩარევა არჩევნებში, მე არ ვიცი, რა არის ეს“, – აღნიშნავს პარნელი.

გამოცემა „ნიუ იორკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ჯეი დი ვენს ზედმეტად რადიკალური უწოდა უკრაინაზე მისი შეხედულებების გამო და რესპუბლიკელ სენატორს მეორე მსოფლიო ომის შესწავლა ურჩია.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, დაასრულოს ომი უკრაინაში პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე.

„შეგრძნება მაქვს, რომ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი, თუნდაც ის შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ იცის, როგორ გააკეთოს ეს“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის კომენტარს გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ვაჟი და მას სამარცხვინო უწოდა.

„ანუ უცხოელი ლიდერი, რომელსაც მილიარდობით დოლარის დაფინანსება აქვს მიღებული ამერიკელი გადამხდელებისგან, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჰყოფნის გამბედაობა, თავს დაესხას რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს?“ – დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა.