რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობა იმართება
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობა იმართება

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით იმართება მსვლელობა სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ .

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

პროტესტის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი აქვთ ყვავილები.

„ყვავილები მოვიტანეთ, რათა თავისუფლების მარშის მონაწილეებს დავურიგოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ვატარებთ მარშს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დადეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ბრძოლა არ არის დასრულებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, უკეთესი სამუშაო ადგილები.

„ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც ერთი ერთში აისახება, როგორც პუტინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.