თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ღონისძიებები გრძელდება.
პატარა სტუმრებისთვის მოწყობილია არაერთი ატრაქცია, მათ შორის ბატუტი, ღია კინოთეატრი და საციგურაო მოედანი. ბავშვების განწყობაზე კი მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ თოვლის ბაბუა და ნაცნობი მულტიპლიკაციური ფილმების გმირები.
მუსიკალური ღონისძიებები დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ სამ ძირითად სცენაზეა გადანაწილებული.
მუსიკალური საღამო 19:00 საათიდან ბაკურ ბურდულის კონცერტით გაგრძელდება, ხოლო 21:00 საათზე კი მთავარ სცენაზე ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე წელს პირველად იმართება. საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით იქნება მოწყობილი.