რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი, თავი მოიკლა
რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც თინეიჯერი გოგონას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი, თავი მოიკლა. 57 წლის დან ჯონსონი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
გამოძიების ცნობით, მან თავი საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა.
ჯონსონი კენტუკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს აირჩიეს. მან გამარჯვება Facebook-ზე გამოქვეყნებული სკანდალური პოსტის მიუხედავად მოიპოვა. სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნებს შეადარა.
ჯონსონი ადგილობრივი ეკლესიის პასტორი იყო. ის რელიგიური თავისუფლებისა და სკოლებში განათლების შესახებ არაერთ კანონპროექტს უჭერდა მხარს.
მის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდება ორშაბათს გამოქვეყნდა. საქმე 2013 წელს სავარაუდოდ მომხდარ ფაქტს ეხებოდა.
მომდევნო დღეს ჯონსონმა წირვაზე ბრალდება უარყო და ის რესპუბლიკელების წინააღმდეგ საყოველთაო სტრატეგიის ნაწილად გამოაცხადა. ამის მაგალითად კი ალაბამას შტატში სენატის არჩევნებში რესპუბლიკელი როი მურის დამარცხება მოიყვანა, რომელიც ცოტა ხნით ადრე სწორედ მსგავსი ბრალდებების სამიზნე გახდა.