რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი - დემოკრატებს პრეზიდენტის გაუქმება სურთ
დემოკრატებს პრეზიდენტის გაუქმება სურთ, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯიმ ჯორდანმა წარმომადგენლობით პალატაში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, სადაც დემოკრატების ინიციატივით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ქვეყნის გაერთიანებას არ ემსახურება.
„ოთხი წლის წინ, როდესაც ტრამპის ინაუგურაციიდან სულ რაღაც 90 წუთი იყო გასული, „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის სათაური უკვე იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მიზნით, კამპანია დაიწყო. ახლა, როდესაც ტრამპს უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირა აქვს დარჩენილი, ისინი ამას ისევ ცდილობენ. შვიდ დღეში იქნება პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემა, ისევე როგორც ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ დემოკრატები ისევ ეცდებიან ტრამპის იმპიჩმენტს. ეს ქვეყნის გაერთიანებას არ ემსახურება. ეს არ არის გზა, რომლითაც შეიძლება ერი გაუმკლავდეს იმ ტრაგიკულ და საშინელ მოვლენებს, რომელიც 6 იანვარს განვითარდა და რომელსაც ჩვენ ყველა ვგმობთ.
რესპუბლიკელები თანმიმდევრულად ვიქცევით. ჩვენ ყველა სახის ძალადობას ვგმობთ. ასე იყო შარშან ზაფხულშიც და გასულ კვირასაც. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ერის გაერთიანებაზე. ამის ნაცვლად დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს აპირებენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ პრეზიდენტის გაუქმება სურთ. იმ პრეზიდენტის გაუქმება, რომელმაც შეამცირა გადასახადები, შეარბილა რეგულაციები. ებრძოლა „კოვიდ-19“-ს, რომელმაც საუკეთესო ეკონომიკა შექმნა და რეკორდულად შეამცირა უმუშევრობა, გამოგვიყვანა ირანთან შეთანხმებიდან, გახსნა საელჩო იერუსალიმში, დააბრუნა მძევლები ჩრდილოეთ კორეიდან, უზენაეს სასამართლოში სამი საუკეთესო მოსამართლე დანიშნა. „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნას შეუწყო ხელი და ააშენა კედელი მექსიკის საზღვარზე“, – განაცხადა ჯორდანმა.
მისივე თქმით, დემოკრატების მთავარი მიზანი ყოველთვის იყო პრეზიდენტის მოშორება და ამას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდნენ.