რექს ტილერსონი - ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარება ფხენიანის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს აზრს შეაცვლევინებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარება ფხენიანის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს აზრს შეაცვლევინებს.
დონალდ ტრამპმა დღეს ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფხენიანის ტერორიზმის სპონსორების სიაში დაბრუნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მკვლელობების მოწყობის გამო გადაწყდა.
ჩრდილოეთ კორეა ტერორისტების სპონსორი ქვეყნების სიაში პირველად 1987 წელს, სამხრეთ კორეული ავიალაინერის აფეთქების გამო მოხვდა. 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს ჩრდილოეთ კორეა ამ ნუსხიდან ამოიღეს, რითაც ფხენიანის კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის პროცესში მონაწილეობა წახალისდა. შემდგომში დიალოგი ამ საკითხზე ისევ ფხენიანის ინიციატივით შეწყდა.