რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე საკუთარ მიღწევებს აფასებს
რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე საკუთარ მიღწევებს აფასებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობაზე მუშაობისას საკუთარ მიღწევებს აფასებს. ტილერსონის თქმით, სირიაში მისი ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა მიღწეული, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„სირიაში ჩვენ მნიშვნელოვან ზავამდე მივედით და სტაბილიზაციას მივაღწიეთ. ამან უკვე გადაარჩინა ათასობით სიცოცხლე, თუმცა მშვიდობის მისაღწევად სირიაში კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ერაყში სიტუაციის დასარეგულირებლად და „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ძალისხმევის გაძლიერება აუცილებელია.

„ვერაფერს შევძლებთ ჩვენი მოკავშირეების გარეშე“, – აღნიშნა ტილერსონმა.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი პოსტზე ყოფნის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლამ „ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“.