ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბეირუთში ვიზიტისას ლიბანის მთავრობის წევრებს შეხვდა.
როგორც რექს ტილერსონმა პრეზიდენტ მიშელ ნაიმ აუნისთან შეხვედრისას განაცხადა, მისი ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ლიბანის მთავრობასა და ლიბანელ ხალხს ვაშინგტონის იმედი უნდა ჰქონდეს.
„აშშ ლიბანელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი მიზანია რეგიონში სტაბილურობა და კონფლიქტების დეესკალაცია“, – განაცხადა რექს ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლიბანის პრემიერ-მინისტრ საად ალ ჰარირისა და პარლამენტის თავმჯდომარე ნაბიჰ ბერისაც შეხვდა.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ლიბანის პოლიტიკაში ჰეზბოლას ჩართულობა უნდა შემცირდეს.
ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში რექს ტილერსონმა მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის, იორდანიისა და კუვეიტის მთავრობებთან. იგი დღის მეორე ნახევარში ანკარაში გაემგზავრება, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.