რემბრანდტის ცნობილი ნახატი მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ მოულოდნელ საიდუმლოს მალავდა — #1tvმეცნიერება
რემბრანდტის ცნობილი ნახატი მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ მოულოდნელ საიდუმლოს მალავდა — #1tvმეცნიერება

3,63 მეტრის სიგრძის და 4,37 მეტრის სიგანის ნახატი, სახელად „ღამის გუშაგი“, რემბრანდტის ყველაზე დიდი ზომის ნახატია. შექმნიდან საუკუნეების შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, მის პიგმენტებში უმცირეს დეტალებს დღემდე პოულობენ.

ნიდერლანდების ოქროს ხანის ხელოვნების ამ სახელგანთქმული ნიმუშის საღებავის შემადგენლობის შესწავლისას, ევროპელ მკვლევართა ჯგუფმა მოულოდნელი მოლეკულა აღმოაჩინა.

პიგმენტებისა და სხვა აგენტების, მაგალითად გრუნტისა და ლაქების შრეების გამო, ნახატები სამ განზომილებაში შეიძლება ქიმიური შემადგენლობით განსხვავდებოდნენ. შედევრის ზედაპირის სკანირებებით, საკონსერვაციო პროექტ „ოპერაცია ღამის გუშაგზე“ მომუშავე ექსპერტებმა ცნობილი ნახატის ფენებიდან მცირე ნიმუშები აიღეს.

2021 წელს, პროექტის მიმდინარეობისას, „ღამის გუშაგის“ საბოლოო ვერსიის ქვეშ, მაკრო XRF სკანირებებმა რემბრანდტის თავდაპირველი ესკიზი გამოავლინა. რენტგენული დასხივება პიგმენტებს სინათლის შთანთქმას და ხელახლა გამოყოფას აიძულებს, რაც ავლენს სხვადასხვა ელემენტთა გადანაწილებას ცალკეულ შრეებში.

ასე გამოვლინდა ის მრავალი მცირე დეტალი, რომლებმაც თავდაპირველი ესკიზი იმად აქცია, რასაც ნახატზე დღეს ვხედავთ.

 

თუმცა, მკვლევართა ყურადღება მხოლოდ ვიზუალიზაციამ როდი მიიპყრო. მეთოდმა, რომელსაც ფხვნილურ რენტგენულ დიფრაქციას უწოდებენ, გამოავლინა მასში არსებული ტყვიის ფორმატები, მათ შორის იშვიათი ტყვია (II) ფორმატი, Pb(HCOO)2.

ელემენტ ტყვიას იმ დროისთვის ფართოდ იყენებდნენ თეთრი და ყვითელი პიგმენტების შესაქმნელად და შესაბამისად, რემბრანდტის ნამუშევარში მისი აღმოჩენა გასაკვირი არ არის. თუმცა, ტყვიის ეს კონკრეტული ნაერთი, აქამდე აღმოჩენილი იყო მხოლოდ ძველი საღებავების დაძველების მოდელირების კვლევებში და არა თავად ძველ ნახატებში.

„აღმოვაჩინეთ არა მხოლოდ ტყვიის ფორმატები, არამედ გამოვავლინეთ ზონები, სადაც არ არის ტყვიის პიგმენტი, თეთრი, ყვითელი. ვფიქრობთ, ისინი ალბათ სწრაფად უჩინარდება და სწორედ ამიტომ არ ფიქსირდება დღეს ძველ შედევრ ნახატებში“, — განმარტავს საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ფოტოქიმიკოსი ვიქტორ გონსალესი.

ღამის გუშაგი

ტყვიის ფორმატების გადანაწილება მიუთითებს, რომ ის ზოგიერთ ფენაში უფრო მეტად იყო კონცენტრირებული და დაკავშირებული იყო ღია ფერის ნახატებთან.

იმ დროისათვის ცნობილ საღებავთა რეცეპტების გამოყენებით, გონსალესმა და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა სცენარები შექმნეს.

„მსოფლიოში ყველაზე კაშკაშა სინქროტრონული სინათლის წყაროს, ESRF-ის უნიკალური ანალიტიკური უნარის წყალობით, ფორმატების გამოვლენა მიკრომეტრების მასშტაბზე შევძელით, შემდეგ კი დროთა განმავლობაში მათ ფორმაცია მივყევით“, — განმარტავს მკვლევარი მარინ კოტი.

მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ რემბრანდტმა რკინა (II) ოქსიდი სელის ზეთის საღებავში შეურია, რათა ღია ფერის საღებავს გაშრობაში დახმარებოდა. სხვა მოლეკულებთან ურთიერთქმედებამ, დროთა განმავლობაში ის ტყვიის ფორმატებად გარდაქმნა. როგორც ჩანს, რემბრანდტის მსგავსი დიადი მხატვრებიც კი მოუთმენლები იყვნენ, როცა საქმე საღებავის გაშრობას ეხებოდა.

თუმცა, მკვლევართა აზრით, ასევე შესაძლებელია, რომ ეს ფორმატები რესტავრაციის წინა მცდელობებისას წარმოიქმნა.

რესტავრაციის წინა მცდელობებმა უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია ნახატში, რომელიც სინამდვილეში ღამის სცენას სულაც არ ასახავს. ლაქის მრავალმა ფენამ, ჭუჭყთან შერევით გამოსახულება ჩააბნელა და სწორედ ამის გამო უწოდეს ნახატს ამჟამინდელი სახელი მე-18 საუკუნის ბოლოს.

ნახატის ოფიციალური სახელია „კაპიტან ფრანს ბანინგ კოკის და ლეიტენანტ ვილჰელმ ვან რეიტენბურგის მსროლელთა ასეულის გამოსვლა“. რესტავრაციის პროგრამა „ოპერაცია ღამის გუშაგის“ ფარგლებში, სპეციალისტები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოაცილონ ლაქების ეს შრეები ქვეშ არსებული თავდაპირველი ნახატის დაზიანების გარეშე.

2021 წელს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღადგინეს ნაკლული ზონარი, რომელიც ნამუშევრიდან ამოშლილი იყო.

რემბრანდტი ცნობილი იყო საღებავი მასალების, მეთოდებისა და შემადგენლობის კვლევით. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრამა „ოპერაცია ღამის გუშაგის“ ფარგლებში გაკეთებული აღმოჩენებიც.

კვლევა Angewandte Chemie International Edition-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esrf.fr-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.