თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი წერს.
„ჩვენმა პრეზიდენტმა თურქეთის მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს და უთხრა: „ჩემო ძმაო, მადურო! გამაგრდით, ჩვენ თქვენთან ვართ!“ – დაწერა იბრაჰიმ კალინმა.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე, ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ის უკვე აღიარა აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.