რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას „მწვანე შუქს“ უნთებს.
მედიის ცნობით, ოფიციალური დოკუმენტების სპეციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორის პირველი „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის გაწევრიანების შესახებ“ კანონია.
როგორც ფინური გამოცემა აღნიშნავს, პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართა. ბოლო ფორმალური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდება რატიფიცირების პროცედურა, იქნება დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა.
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება 31 მარტს მოახდინა. შესაბამისი კანონი ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს.
ამის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი უახლოეს დღეებში უკვე ოფიციალურად გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ ელოდება თურქეთისა და უნგრეთის თანხმობას.