რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩევლებს მიმართა - ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხვალ ბაიდენს პასუხი გასცეთ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრას მართავს.
სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა მისი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და ერდოღანი უარს ამბობდა, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც იგულისხმება.
„ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს. ისინი მუნიციპალიტეტებს, სადაც ჩვენ რწმუნებულები დავნიშნეთ, ტერიტორისტულ ორგანიზაციებს გადასცემენ და მოიწვევენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ტერორისტებთან კავშირის გამო დავითხოვეთ. ამასთან, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და მანამდე უარი ვთქვით. როგორც იცით, ჩვენ მტკიცედ დავიცავით თურქეთის ეროვნული ინტერესები ხმელთა შუა ზღვისა და ეგეოსის, ნატო-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისინი ყველაფერს ჩააბარებენ დასავლეთს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკას ეხება. ბატონმა ქემალმა განაცხადა, რომ ის წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ის გააკეთებს იმას, რაც ბაიდენს სურს. შეასრულებთ თქვენ ბაიდენის ბრძანებებს? ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ბაიდენს პასუხი გასცეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე დაგმო ქილიჩდაროღლუს მიერ გამოთქმული მოსაზრება თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.