რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აია სოფიაში გაიმართება ღვთისმსახურება და მისი ადმინისტრირება გადაეცემა რელიგიის საკითხთა უწყებას.

დოკუმენტი ერდოღანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გასააჯაროვა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე საათში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მანამდე, თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთხელ გამოსულა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორი კი, ადგილობრივი რელიგიური ასოციაცია იყო, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათათურქის გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა.