რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის მოთხოვნით მიმართავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც თურქეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მანდატის საშუალებით ოფიციალურ ანკარას ტრიპოლის დასახმარებლად გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა მემორანდუმს, რომელიც თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო თანამშრომლობას მოიცავს. შემდეგ კი დოკუმენტი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა.
2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.