რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სირიის მიწების გათავისუფლებას მომავალშიც გააგრძელებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სირიის მიწების გათავისუფლებას მომავალშიც გააგრძელებს

თურქეთი სირიის მიწების გათავისუფლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა სირიელებმა მშობლიურ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ამის შესახებ თურქ​ეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, გამარჯვების აღსანიშნავ აქციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 24 ივნისის არჩევნებში დემოკრატიამ გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური ანკარა რეფორმებს მომავალშიც გააგრძელებს, ასევე აქტიურად იბრძოლებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. შედეგად კი თურქეთის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

ხმების 99,16 პროცენტის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 52,55 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე მთავარი ოპოზიციონერი, მუჰამედ ინჯე 30,67 პროცენტით გავიდა. მესამე ადგილი სალაჰათინ დემირტაშს ერგო 8,36 პროცენტით. მეოთხე ადგილზე მესალ აქშენერი გავიდა 7,33 პროცენტით.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ხმების 99,1 პროცენტის დათვლის შედეგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება სახალხო ალიანსმა მოახერხა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 42,49 პროცენტი მიიღო. ალიანსის წევრმა, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 11,13 პროცენტი. სახალხო ალიანსმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 343 მანდატი მოიპოვა. შედეგად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას მოახერხებენ.

მთავარ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ კი ამომრჩეველთა ხმების 22,67 პროცენტი ხვდა წილად. შესაბამისად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 146 მანდატით შევა. 10-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ და „კარგმა პარტიამაც“. პროქურთულმა პარტიამ პარლამენტში 67, „კარგმა პარტიამ“ კი 44 სავარძელი მოიპოვა.