რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუტინის, მერკელისა და მაკრონის მონაწილეობით სამიტის გამართვაზე ჯერ ვერ შევთანხმდით
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პუტინის, მაკრონისა და მერკელის მონაწილეობით სამიტის გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ამასთან, ერდოღანის ინფორმაციით, ხვალ 26 თებერვალს, თურქეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ჩავა და თურქეთის მხარესთან, სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს.
21 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სამიტის გამართვა 5 მარტს, სტამბოლში შესთავაზეს. თუმცა, ერდოღანის თქმით, პუტინს ამ შეთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
სირიის პროვინცია იდლიბში უკვე რამდენიმე კვირაა, შეტაკებები მიმდინარეობს. თურქი სამხედროები და მათი მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღებული შენაერთები პროვინცია იდლიბში ბაშარ ასადის არმიას დაუპირისპირდნენ, რომელიც პროვინციაზე კონტროლის აღდგენას ცდილობს.
სირიის არმიას ზურგს რუსული ავიაცია უმაგრებს. შეტაკებების შედეგად 17 თურქი სამხედრო დაიღუპა.