რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში, ხოლო გარეთ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს, ეს გვაჩვენებს, საით მიდის მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში, ხოლო გარეთ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს, ეს გვაჩვენებს, საით მიდის მსოფლიო

მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას, ვინც დახოცა დაახლოებით 40 000 ბავშვი, ქალი და მოხუცი, წარმომადგენელთა პალატა ტაშით შეხვდა.

„ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ ნიშანს, რომ სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა, დიდი ხანია, გაკოტრებულია. მაგალითად, სირიაში კონფლიქტი 13 წელია, უკრაინაში კი, 2.5 წელია, უწყვეტად მიმდინარეობს ომი. ღაზაში 16 000 უდანაშაულო ბავშვი, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და გენოციდის აღკვეთა თითქმის 10 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში. მეორე მხრივ, მათ მიმართ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს წარმომადგენელთა პალატის გარეთ. ეს გვაჩვენებს, საით მიდის მსოფლიო“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გუშინ გამოვიდა. მისი გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.