რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ერდოღანმა იერუსალიმსა და ღაზას სექტორში მოქმედებების გამო, ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა. თურქეთის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ამ ტერორისტულმა სახელმწიფომ, რომელიც იმპულსურად ცდილობს, გაძარცვოს მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ასევე ებრაელი ხალხისთვის წმინდა ადგილი იერუსალიმი, გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი“, – განაცხადა ერდოღანმა.

მმართველი პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა მოუწოდა გაერო-სა და ისლამურ ქვეყნებს, შეაჩერონ შეიარაღებული დაპირისპირება ისრაელსა და ღაზაში მყოფ მებრძოლებს შორის.

თურქეთის ლიდერის თქმით, ანკარა დაუჭერს მხარს გაერო-ს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ძალადობის შეჩერებისკენ იქნება მიმართული. როგორც ერდოღანმა განაცხადა, მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის საკითხი 19 ქვეყნის ლიდერებთან განიხილა.