რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირაკლი კობახიძესთან საუბრისას ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში, აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირაკლი კობახიძესთან საუბრისას ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში, აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას

მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

„ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადეობის ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონისა და დიპლომატიის ფარგლებში. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად, ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ეს გააკეთოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას.

„ჩვენი საუბრის დროს ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. ამ მიმართულებით აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა.