რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გერმანიაში გიულენის ორგანიზაციის წევრები და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები ცხოვრობენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გერმანიაში გიულენის ორგანიზაციის წევრები და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები  ცხოვრობენ

გერმანიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათასობით ტერორისტი და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ასობით წევრი ცხოვრობს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ელოდება, რომ გერმანია ტერორისტულ ჯგუფებს უფრო ეფექტურად შეებრძოლება, რადგან კრიმინალების ექსტრადირება ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისა და გერმანიის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტ ჯან დუნდარზე, რომელიც თურქეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და ბოლო ორი წელია გერმანიაში ცხოვრობს.

„თურქეთის ძირითადი უფლებაა, რომ ეცადოს ჯან დუნდარის ექსტრადაცია, რაც გერმანიასთან დადებული ექსტრადაციის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაშია. ჯან დუნდარი მსჯავრდებულია თურქეთის სასამართლოს მიერ ჯაშუშობისა და სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ თურქეთი დარჩენილი ექვსი კრიტერიუმის შესრულებას შეძლებისდაგვარად სწრაფად გეგმავს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა და გერმანიამ თანამშრომლობის მექანიზმების აღსადგენად კონსენსუსს მიაღწიეს.