რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სექტემბერში ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციების საკითხის განსახილველად.
ანკარასა და ვაშინგტონის შეთანხმებით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის საზღვართან ერთობლივ სამხედრო პატრულირებას იწყებენ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში 21-22 სექტემბერს ვიქნები გაერო-ს გენერალური ასამბლეისთვის. დიდი ალბათობით, იქ ბატონ ტრამპს ცალკე შევხვდები. ეს თემები ერთი კვირის წინ ტელეფონით განვიხილეთ და ამ საკითხებზე იქ კვლავ ვისაუბრებთ. განვიხილავთ, თუ რა სახის ნაბიჯებს გადავდგამთ ევფრატის აღმოსავლეთით, რადგან არსებობს განსხვავებები იმას შორის რაც გაკეთდა და რაც ითქვა. ამგვარად, ჩვენ ამის მოგვარება გვჭირდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთისთვის მიუღებელია აშშ-ის მიერ სირიელი ქურთი მებრძოლების წვრთნა. სირიელი ქურთები სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის მოკავშირეები არიან, თურქეთი კი, მათ ტერორისტებად მიიჩნევს.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, თურქეთში მყოფი ერთი მილიონი სირიელი ლტოლვილის ჩრდილოეთ სირიაში დასახლება იგეგმება. ერდოღანის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ანკარას საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. თურქეთის ლიდერი ევროპას მიგრანტებისთვის კარის გაღებით კიდევ ერთხელ დაემუქრა.
„იდლიბში პრობლემებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიგრაციის საფრთხეს უქმნის. მკაფიოდ განვუცხადეთ მსოფლიოს, კერძოდ კი ევროპას, ჩვენ არასდროს ავიღებთ მხოლოდ საკუთარ თავზე პრობლემებს, რომლებიც იდლიბიდან წარმოიქმნება. რა ვთქვით? ჩვენ ვთქვით, რომ ან თქვენ გაიზიარებთ ამ ტვირთს ან ჩვენ გავაღებთ კარს“, – აღნიშნა ერდოღანმა.