რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონას 2025 წლამდე დატოვებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონას 2025 წლამდე დატოვებენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონას 2025 წლამდე დატოვებენ. აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, 2020 წელს მოსკოვში გაფორმებული სამმხრივი განცხადება, რომლითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი შეწყდა, ითვალისწინებს, რომ რუსი სამხედროები ყარაბაღში გარკვეულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წელს ამ ტერიტორიებს დატოვებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი შეთანხმებას შეასრულებს. ჩემი ძმა, ილჰამ ალიევი ასევე ყურადღებით აკვირდება ვითარებას რეგიონში“, – განაცხადა ერდოღანმა.

2020 წელს რუსეთის შუამავლობით გაფორმებულ განცხადებაში, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მოაწერს ხელი, ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ხუთი წლის ვადით განლაგდებიან, ამის შემდეგ შემდეგ მათი ადგილზე ყოფნა ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომელიმე მხარე ამ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ გამოვა შეტყობინებით, რომ შეთანხმების ამ პუნქტის მოქმედება უნდა შეწყდეს.