რეგულაციებით განისაზღვრება სამსახურები, რომელთაც დასვენების დღეები არ შეეხებათ
რეგულაციებით განისაზღვრება სამსახურები, რომელთაც დასვენების დღეები არ შეეხებათ

აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსმა დასვენების დღეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც დასვენების დღეები არ შეეხება.

„რაც შეეხება დასვენების დღეებს, მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც არ შეეხება დასვენების დღეები. ეს არის სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანება. ამ ბრძანებაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს ბრძანება იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.