„რეგიონში ვითარების დარეგულირებისთვის თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია მნიშვნელოვანია“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდ პირისპირ შეხვდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო – რუსეთის ურთიერთობების საკითხებში – ეს თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-შვეიცარიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის – შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურ ინფორმაციას ფლობდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია.
საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა და ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გასანადგურებლად.
როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, მათი ერთიანი სტრატეგია და ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისთვის.
პრეზიდენტებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.