რეჟისორი ბუბა ხოტივარი - იმედი ჩაგვესახა, იმედი ქართული კინოხელოვნების აღორძინებისა
კინო არის საზოგადოების აღზრდის ყველაზე სერიოზული, მძლავრი საშუალება და იმედი ჩაგვისახა, იმედი ქართული კინოხელოვნების აღორძინებისა, – ამის შესახებ აღნიშნულია კინორეჟისორ რამაზ (ბუბა) ხოტივარას ღია წერილში.
კინორეჟისორი „იმედის“ ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს ღია წერილით მიმართავს. მიმართვაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომელიც ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას ეხება.
„ბატონო ირაკლი, თქვენს გუშინდელ ინტერვიუში, როცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საუბარი ღრმა სულიერი კრიზისის საშიშროებაზე საზოგადოებაში და განაცხადა, რომ ქართული კინოწარმოება უნდა აღორძინდეს, თქვენ გააწყვეტინეთ სიტყვა და განაცხადეთ (სიტყვასიტყვით):
“თქვენ სანახაობებზე საუბრობთ… არის ასეთი გამოთქმა, “პური და სანახაობა”, სანახაობა კარგია, მაგრამ მე რომ სერიალს ვუყურო, უფრო კომფორტულად უნდა ვცხოვრობდე ჩვენს ქვეყანაში”.
ბატონო ირაკლი, ვეცდები ჩემი აზრი გადმოგცეთ მაქსიმალურად რბილად.
კომფორტამდე ჯერ ძალიან შორია, ამიტომ ისევ გადავდოთ კინოზე ფიქრი?
კომფორტშია ჩვენი მოსახლეობა, დღე და ღამე მდარე სერიალებს რომ აყურებინებენ? ათაყვანებენ დიდსა და პატარას და ამით მართლაც რომ გვაკარგინებენ საზოგადოებას?
კინო დიდი ხანია, რაც აღარ არის მხოლოდ სანახაობა და გართობა. კინო არის საზოგადოების აღზრდის ყველაზე (ყველაზე!) სერიოზული და მძლავრი საშუალება. ნიჭიერი ხელოვნება, განსაკუთრებით კი ნიჭიერი კინო აყალიბებს ერის განწყობას, მის მსოფლმხედველობას, მის ერთიანობას, თუ გნებავთ, ფსიქიკას.
კინო აყალიბებს ერს ერად, ახალგაზრდებს აძლევს ზნეობრიობის, სიყვარულის, სიკეთის მაგალითს, იძლევა სამყაროს შემეცნების საშუალებას, ძალდაუტანებლად ხსნის, რა არის კარგი და რა არის ცუდი.
ყოველი ნიჭიერი ფილმი ცოტათი მაინც ეხმარება ადამიანს მის რთულ ყოფაში, აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს – ასეთი არ იყო ქართული კინო? ასეთი არ არის ჩვენი შედევრები? ისინი ზრდიდნენ საზოგადოებას – ეს შეწყვიტეს ხელოვნურად და დაგვიპირისპირეს ასეთი მოსაზრება:
„კინო სანახაობაა, გართობა და ფუფუნება, აი როცა ავაშენებთ ქვეყანას – კინოსაც მივხედავთ. ახლა არ გვეკინოება“. აი, ასეთი იდეური პლატფორმა შეიმუშავეს ჩვენმა მთავრობებმა უკვე 25 წელია და ნაბიჯს არ დგამენ უკან. თვითონ იცვლებიან, ერთმანეთს კი ანდერძად უტოვებენ – ქართული კინო არ გაახაროთ, მასზე ფული არ დახარჯოთ! აი ერთადერთი, რაშიც ყველა მთავრობა ერთმანეთს ეთანხმება. ეს დანაშაულებრივი იდიოტიზმი უნდა დამთავრდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ვიმეორებ – ვალდებულია, აღადგინოს ქართული კინოწარმოება, რადგან მის გარეშე ქვეყანა ვერ შენდება. ვერ შენდება და მორჩა. ამაში უკვე ყველა დარწმუნდა.
სხვათაშორის „ნაცებმა“ კარგად იციან ეს, ამიტომ აფინანსებენ გაუთავებელ სერიალებს და ამით ხალხში ნერგავენ საკუთარ იდეოლოგიას, აზროვნებას, განწყობებს – იციან, რომ შეწყვეტენ თუ არა ფილმების გადაღებას, თვითონაც გათავდებიან.
სახელმწიფო ვალდებულია, აღადგინოს ქართული კინოწარმოება არა როგორც წყალობა მშიერი კინემატოგრაფისტების მიმართ, არამედ, როგორც აუცილებლობა, რომელიც დადგა ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის წინაშე.
ჩვენი საზოგადოება ფანტომურ ტკივილებს განიცდის ქართული კინოს გარეშე – კინო ხომ ამ 110 წლის განმავლობაში ჩვენი ეროვნული საქმე გახდა, ჩვენი სულიერების გამომხატველი, ჩვენი ერთგული მეგობარი და თანამესაუბრე, ჩვენი დამაწყნარებელი. ქართველ კაცს აღმოაჩნდა კინოს გენეტიკური ტალანტი – იბადებიან და იბადებიან ნიჭიერი რეჟისორები და ვეღარ და ვეღარ ვითარდებიან – მათი თავი არა აქვს სახელმწიფოს. წადით და კინოს გადასაღები ფული თვითონ იშოვეთო – ამით რეჟისორს დამოკიდებულს ხდიან ვიღაც-ვიღაცეებზე (უკვე მაგრად მომრავლებულებზე), რომლებსაც კინოში მარტო ხეირი უნდათ, ამით კვდება მთავარი – შემოქმედება. თუ ხელოვან ადამიანს არ გავათავისუფლებთ ასეთი წნეხისგან, ხელოვნება ვერ შეიქმნება. თუ ფილმი არ შედგა როგორც ხელოვნების, ზნეობრიობისა და ნიჭიერების გამოვლინება, ის ფულიც დაკარგულია და დროც. ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამჯერად აღარ შეგაწუხებთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ იმედი ჩაგვესახა, იმედი ქართული კინოხელოვნების აღორძინებისა“, – ნათქვამია წერილში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს.