ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს 
ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს 

ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების, სერიალების,  მათ შორის, ისტორიული სერიალების გადაღება.

„ჩვენ გვაქვს უნიკალური ისტორია. უცხოელებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოზე ვესაუბრებოდი, დააფიქსირეს, რომ სულ ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი ისტორიით, ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში. ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ იქ, რომ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ მთლიანად. შესაბამისად, მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, მათ რიცხვში დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს „ქართუ“ ფონდი. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს, მათ რიცხვში სერიალებიც, ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები, რომლებითაც არ ვიცი, რას მივიღებთ შედეგად. ჩვენ გადავდგამთ მკვეთრ ნაბიჯებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქართულ მედიასივრცეში ბილწსიტყვაობა უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია.

„ტელევიზიებიდან მოდის დედის გინება, მდარე სერიალები, მდარე გადაცემები, ეროვნულ უსაფრთხოებაზეც კი შეიძლება განგაში ავტეხოთ. ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში, რეკლამა ღირს იაფი და შესაბამისად, ტელევიზიები იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას. კრიტიკაზე თუ წავალთ, შემიძლია „იმედიც“ ვაკრიტიკო და არა მარტო „რუსთავი2“, თუმცა რაც მოედინება „რუსთავი2“-დან, ეს ენითაუწერელია. აქედან გამომდინარე, პრობლემა, რაც დგას არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები, თუ საზოგადოებასთან ურთერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. უფრო მთავარია ღირებულება, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი მხრიდან, გადაწყვეტილებები უკვე მიღებული გვაქვს, რომ კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.