რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია
გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფორუმზე 22 ივნისს შედგა. „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის სცენარის ავტორი ცნობილი მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძეა.
გარდა ამ ნამუშევრისა, შანხაიში დახურული ჩვენების ფარგლებში კინომოყვარულებმა დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი „შინდისი“ იხილეს. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი 24 ივნისს დაიხურება.
შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა ასევე ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ.