„რედიოჰედის“ წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ლანა დელ რეის სასამართლოში უჩივლებენ
ბრიტანული ჯგუფის „რედიოჰედის“ ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ლანა დელ რეის განცხადებას, თითქოს ბენდი ამერიკელი მომღერლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
უთანხმოება ჯგუფსა და მომღერალს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლანა დელ რეის ახალი ალბომი Lust For Life გამოვიდა.
Lust For Life-ის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფის წევრები მალევე ალაპარაკდნენ, რომ ალბომში შესული სიმღერა Get Free და „რედიოჰედის“ 1992 წლის სიმღერა Creep ერთმანეთს ძალიან ჰგავდა.
„გასული წლის აგვისტოდან ლანა დელ რეის წარმომადგენლებთან ამ თემაზე ვსაუბრობდით. აშკარაა, რომ ლანას სიმღერაში Creep-ის ელემენტებია და ვითხოვეთ, რომ ეს აღნიშნულიყო Creep-ის ავტორების საპატივსაცემოდ“, – აცხადებენ „რედიოჰედის“ წარმომადგენლები.
განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ლანა დელ რეიმ „ტვიტერის“ გვერდზე:
„სარჩელზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა. ამასთან ერთად, მე ვიცი, რომ ჩემი სიმღერის ინსპირაცია Creep არ ყოფილა. „რედიოჰედი“ ფიქრობს, რომ ეს ასეა და სურს, რომ გამოცემის 100% მათ მიიღონ“.