რეცეპტის გადამოწმების ელექტრონული სისტემით, რომელიც 16 ივლისს ამოქმედდა, არავის უსარგებლია
რეცეპტის გადამოწმების ელექტრონული სისტემით, რომელიც 16 ივლისს ამოქმედდა, არავის უსარგებლია

რეცეპტის გადამოწმების ელექტრონული სისტემით ამ დრომდე არავის უსარგებლია. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ექიმის დანიშნულების გადამოწმების სისტემა მიმდინარე წლის 16 ივლისს ამოქმედდა. მისი საშუალებით, მოქალაქეებს ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს სპეციალური ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, საკუთარი დანიშნულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს გადაუგზავნოს. ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს და ადრესატს პასუხს სამ დღეში გასცემს. თუ პასუხში ნათქვამი იქნება, რომ პაციენტს ზედმეტი მედიკამენტი აქვს გამოწერილი და ექიმი დანიშნულებას ამის შემდეგაც არ შეცვლის, პირს შესაძლებლობა აქვს რეცეპტი სამინისტროში ხელახლა გაგზავნოს, რის შემდეგაც  ექიმს განმარტებების მიცემა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოუწევს.

წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციების შემოღება პოლიპრაგმაზიის, ანუ ჭარბი მედიკამენტების გამოწერის სიხშირემ განაპირობა.