რეალი ოთხთა ფინალშია, ფენერბაჰჩემ კაუნასში მოიგო
რეალი ოთხთა ფინალშია, ფენერბაჰჩემ კაუნასში მოიგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ ოთხთა ფინალის პირველი მონაწილე გუნდი მადრიდის „რეალია“. მოქმედმა ჩემპიონმა ათენის „პანათინაიკოსი“ სერიაში „მშრალი“ ანგარიშით დაამარცხა და წელს ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებას შეეცდება. სამეფო გუნდმა ორი საშინაო გამარჯვების შემდეგ გუშინ ათენში ანგარიშით 89:82 გაიმარჯვა. „ოაკას“ დარბაზში გამართულ დაპირისპირებაში მადრიდელებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს.

შესანიშნავ ფორმაშია ფაკუნდო კამპაცო. არგენტინელმა გამთამაშებელმა „პაოს“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა. ასევე 16 ქულა ჰქონდა რუდი ფერნანდესს. მასპინძელთა შორის, 17 ქულით, 7 გადაცემით და 3 ჩაჭრით, ნიკ კალატესი იყო საუკეთესო. „რეალი“ ოთხთა ფინალში „ბასკონია“ – „ცსკა“-ს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ იმ სერიაში საერთო ანგარიშია 1:1. შენგელიას გუნდი მომდევნო ორი მატჩის მასპინძელია.

მიმდინარე ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა – სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“, კაუნასის „ჟალგირისთან“ სტუმრად მოიგო და სერიაში ანგარიშით 2:1 დაწინაურდა. „ჟალგირიო არენაზე“ გამართულ მატჩში ობრადოვიჩის გუნდმა ანგარიშით 66:57 გაიმარჯვა. სტამბოლელებს მარკო გუდურიჩმა უწინამძღოლა 17 ქულით. სერიის მეოთხე დაპირისპირება ხვალ ისევ კაუნასში შედგება.