Eurohoops - თორნიკე შენგელია ამ მომენტისთვის თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაშია #1TVSPORT
Eurohoops - თორნიკე შენგელია ამ მომენტისთვის თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაშია #1TVSPORT

პოპულარულმა საკალათბურთო გამოცემამ, Eurohoops-მა ევროლიგის მიმდინარე სეზონის „ყველაზე ძვირფასი მოთამაშის“ (MVP) ტიტულის მოგების ხუთი კანდიდატი დაასახელა.

გამოცემის აზრით, ამ მომენტისთვის პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებას თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“), მაიკ ჯეიმსი („მონაკო“), ფაკუნდო კამპაცო („რეალ მადრიდი“), ლორენცო ბრაუნი („მაკაბი“) და ნიკოლას ლაპროვიტოლა („ბარსელონა“) იმსახურებენ.

თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“)

სეზონის სტატისტიკა: 17.6 ქულა (მეოთხე საუკეთესო შედეგი ევროლიგაზე), 5 მოხსნა, 4.3 შედეგიანი გადაცემა, +23.1 სარგებლიანობის კოეფიციენტი (მეორე საუკეთესო შედეგი ევროლიგაზე).
გუნდის შედეგი: ხუთი მოგება, ორი წაგება.

„თუ გვინდა, თორნიკე შენგელიას საუკეთესო პერიოდი გავიხსენოთ, „ბასკონიის“ დღეები უნდა ვახსენოთ, მაგრამ მაშინაც კი ის არ იყო ისეთი დომინანტი ყველა ასპექტში, როგორიც ახლაა, „ვირტუსის“ თამაში მასზეა დამოკიდებული.

შენგელია ოქტომბერში ევროლიგის MVP გახდა, ხოლო „ვირტუს ბოლონია“ ლეგიტიმურად ითვლება პლეი ოფში გასვლის კანდიდატად. მისი ხასიათი და მოქმედება ეხმარება გუნდის სხვა კალათბურთელებსაც, აჩვენონ თავიანთი საუკეთესო თამაში, იყვნენ უკეთესები.

ერთი-ერთზე მისი აყვანა ძალიან რთულია მეტოქე გუნდის მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით, ფარის ქვეშ მოძრაობისას. ასევე, მიმდინარე სეზონში ის გამორჩეული მეპასეა მაღალ კალათბურთელებს შორის“, – წერს გამოცემა Eurohoops-ი.

ევროლიგის გასული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) ბულგარელი ალექსანდრ ვეზენკოვი გახდა, რომელიც „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის დაწყების წინ NBA-ში, „საკრამენტო კინგსში“ გადავიდა.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ევროლიგის გარდა, ის გამორჩეულია იტალიის Lega A-შიც. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოქტომბრის თვის MVP ქვეყნის ჩემპიონატშიც გახდა, ხოლო მის „ვირტუს ბოლონიას“ ექვსი მოგება და ერთი მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.