თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ბელგრადში „პარტიზანი“ დაამარცხა - ბოლონიელები ევროლიგაში მეორე ადგილზე არიან [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ ითამაშა. ბოლონიელებმა მატჩი კარგად ჩაატარეს, რიგ ეპიზოდებში 12 ქულითაც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 77:75.

გამარჯვებაში ქართველმა ფორვარდმაც დიდი წვლილი შეიტანა: მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, მეტოქეს დაცვაში სწორად რომ დაუდგა და შეტევითი ჯარიმა მიაღებინა. საბოლოოდ თოკოს ანგარიშზე 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დაფიქსირდა. 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი აუცდა.

16 ქულით „ვირტუსის“ ბომბარდირი დანიელი იფე ლუნდბერგი გახდა.

„ვირტუსს“ 12 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩი 30 იანვარს იტალიის ჩემპიონატში „პესაროს“ წინააღმდეგ ელის.