რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე
რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ მან სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

ხაჯიმბა გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა, რომ რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა.

„ეს მისი მოსაზრებაა. თუმცა არა ის, არამედ მე განვსაზღვრავ ჩემს ბედს“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისივე თმით, უახლოეს დღეებში კი განაცხადებს, დარჩება თუ არა პოლიტიკაში.

„ეს თანამდებობა ყველაზე მარტივი არ არის და ვფიქრობ, რომ საჭიროა ფიქრი პროცესებზე, რომლებიც იყო, რატომ მოხდა ასე. და რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა დასვენება“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბასთვის დე ფატქო პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. რაულ ხაჯიმბამ გადაგომის შესახებ გუშინ განაცხადა.