რატომ ვუჯერებთ მცდარ შეხედულებებს სამეცნიერო მონაცემებზე მეტად - ახალი კვლევა
რატომ ვუჯერებთ მცდარ შეხედულებებს სამეცნიერო მონაცემებზე მეტად - ახალი კვლევა

რატომ არის ხანდახან ძალიან ძნელი ვინმე დაარწმუნო, რომ დედამიწა მართლაც მრგვალია? ან იმაში, კლიმატის ცვლილება მართლაც ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული, როცა ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს?

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი მათ უკვე გაარკვიეს და ის დამოკიდებულია არა გაგების უნარის ნაკლებობასთან, არამედ რაღაც სრულიად სხვასთან.

ახალი კვლევის მიხედვით, შენ მიერ გაკეთებულ რაიმე საქმეზე ან ნათქვამზე დადებითი ან უარყოფითი შეფასებების მიღება შენს აზროვნებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ლოგიკა და მსჯელობა. შესაბამისად, თანამოაზრეთა ჯგუფში ყოფნა ადამიანის შეხედულებებს უფრო აძლიერებს.

გარდა ამისა, კარგი უკუკავშირის მიღება გვაფიქრებინებს, რომ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო დარწმუნებული ვართ ჩვენი პოზიციის სისწორეში, მით ნაკლებად ვუწევთ ანგარიშს სხვა შეხედულებებს ანდაც მტკიცე სამეცნიერო მონაცემებს.

„თუ ფიქრობ, რომ რაღაცის შესახებ ძალიან ბევრი იცი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, დიდი ალბათობით, ნაკლებად დაინტერესებული ხართ ამ თემის უფრო ღრმად კვლევით და შესაბამისად, ვერც იმას გაიგებთ, რამდენად ცოტა რამ იცით სინამდვილეში“, — ამბობს ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ლუის მარტი.

კვლევისათვის, მეცნიერებმა 500 მონაწილე შეაგროვეს და ფერადი ფორმების სერია უჩვენეს. თითოეული ასეთი ფორმის გამოჩენისას, მონაწილეებს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ის „Daxxy“ — სიტყვა, რომელიც სპეციალურად ამ ექსპერიმენტისთვის შექმნეს.

მონაწილებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო Daxxy. მკვლევრებს აინტერესებდათ, ახდენდა თუ არა მათ მიერ ნანახი ფორმები გავლენას Daxxy-ზე. ამავე დროს, ისინი მონაწილეებს ასევე ეკითხებოდნენ, რამდენად დარწმუნებულნი იყვნენ Daxxy-ს რაობაში.

ამ გზით მკვლევრებმა შეამოწმეს თავდაჯერებულობის დამოკიდებულება უკუკავშირზე. როგორც შედეგებმა აჩვენა, მონაწილეთა დარწმუნებულობა დიდწილად იყო დამოკიდებული არა ტესტში მათ ზოგად შედეგებზე, არამედ მათ მიერ გაკეთებულ ბოლო ოთხ-ხუთ გამოცანაზე.

ჯგუფის განცხადებით, ამ ტესტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რაღაც ისეთი, რაც სწავლების შესახებ უკვე ვიცით — ასე რომ მოხდეს, შემსწავლელებმა უნდა აღიარონ, რომ არსებობს ნაპრალი მათ ამჟამინდელ ცოდნასა და იმ ცოდნას შორის, რაც შეიძლება მიიღონ. თუკი ისინი ამ ნაპრალის არსებობას არ აღიარებენ, არ ითვისებენ ახალ ინფორმაციას.

„ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუ პირველ 19 გამოცანაზე მონაწილეები არასწორ პასუხს სცემდნენ, მაგრამ კარგად ართმევდნენ თავს ბოლო ხუთ დავალებას, ისინი ძალიან თავდაჯერებული ხდებოდნენ. ეს სულაც არ ყოფილა უყურადღებობის ბრალი. ისინი სწავლობდნენ, რა იყო Daxxy, მაგრამ ამ ნასწავლს დარწმუნებულობისათვის არ იყენებდნენ“, — ამბობს მარტი.

როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ეს ბოლო უკუკავშირი უფრო ეფექტზეა დამოკიდებული, ვიდრე მყარ მტკიცებულებაზე. მისი მორგება შესაძლებელია უფრო ფართო გაგებაზეც. მაგალითად, შეიძლება მოვარგოთ რაღაც ახლის სწავლას ან სწორისა და არასწორის გარჩევის მცდელობას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კვლევის მონაწილეები შედგენილი ფორმების გარკვევას ცდილობდნენ, მკვლევართა განცხადებით, შესაძლოა, იგივე კოგნიტური პროცესი მოქმედებდეს მაშინ, როცა საქმე ეხება სოციალურ მედიას ან ახალი ამბების არხებს — შეხედულებები მუდმივად ძლიერდება.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ სელესტე კიდის თქმით, თუკი სწორი პროგნოზისთვის სულელურ თეორიას იყენებ, შეიძლება ამ რწმენაში ჩაიჭედო და სულაც აღარ დაგაინტერესოს უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებამ.

გამომდინარე აქედან, ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ფიქრობთ, რომ მაგალითად, ვაქცინაცია საზიანოა, თქვენ შეიძლება ეყრდნობოდეთ ყველაზე ბოლო უკუკავშირს, რომელიც თქვენს ხედვებთან დაკავშირებით მიიღეთ და არა ზოგად მტკიცებულებებს.

მკვლევართა თქმით, თუ თქვენი მიზანი სიმართლის გარკვევაა, მაგრამ ამისათვის თქვენს ბოლოდროინდელ უკუკავშირს იყენებთ და არა თქვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, არასწორ გზას ადგახართ.

კვლევა ჟურნალ Open Mind-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.