აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 აპრილს სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშის ბრძანება გასცა. მისი განმარტებით, ეს იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
ამ შემთხვევის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა, ამიტომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება გახდა საჭირო.
როგორ და როდის დაიწყო ომი სირიაში, რა ინტერესი აქვს რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს, ირანსა და სირიის მთავრობას – სამოქალაქო ომის ქრონოლოგია.
როგორ დაიწყო ომი სირიაში
კონფლიქტი 2011 წელს სირიის ქალაქ დერააში დაიწყო.
მოსახლეობამ სკოლის 15 მოსწავლის დაკავება და წამება გააპროტესტა. არასრულწლოვნები კედელზე ანტი-სახლემწიფოებრივი გრაფიტების დახატვის გამო დაიჭირეს.
პროტესტი თავიდან მშვიდობიანი იყო – დემონსტრანტები მხოლოდ მოსწავლეების გათავისუფლებას, დემოკრატიასა და ხალხისათვის თავისუფლების მინიჭებას ითხოვდნენ.
მთავრობამ ხალხის პროტესტს 2011 წლის 18 მარტს მკაცრად უპასუხა და აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე დღეს კი, სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მგლოვიარეებს, რომლებიც გარდაცვლილებს კრძალავდნენ. შემთხვევის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
ხალხი იმდენად შოკირებული იყო მომხდარით, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა.
თუ თავდაპირველად, დემონსტრანტები მხოლოდ თავისუფლებასა და დემოკრატიას ითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც ასადმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, ხალხმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.
პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერებმა იმ ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რომელიც მთავრობას უპირისპირდებოდა და პრეზიდენტის გადადგომას იწყებდა.
სირიაში არსებული ვითარება 2012 წელს გაერო-მ სამოქალაქო ომად შეაფასა.
ვინ ჩაერია სირიის კონფლიქტში
არსებითად, სირიაში არსებული ვითარება იყო უფრო რთული, ვიდრე უბრალოდ დაპირისპირება ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
კონფლიქტის გამწვავების მთავარი მიზეზი რეგიონში არსებულ სიტუაციაში მსოფლიო ძალების ჩარევა გახდა, მათ შორის ირანის, რუსეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის. მათი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ იმას ნიშნავდა, რომ სირია საბრძოლო ველად გადაიქცა.
გარდა ამისა, გარეშე ძალებს იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ ისინი ხელს უწყობდნენ დაპირისპირების გაღვივებას სუნიტებსა და პრეზიდენტის მომხრე შიიტ ალავიტებს შორის.
სირიაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა ქვეყანაში ჯიჰადისტური დაჯგუფებების არსებობა. სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იდლიბის პროვინციის დიდ ნაწილზე კონტროლი დამყარებული ჰქონდა ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამს.
ამასობაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდა და ებრძოდა სახელისუფლო ძალებს, ამბოხებულთა ბრიგადებსა და ქურთ სამხედროებს. ამის გამო, ასადის მხარესა და ამბოხებულებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებლად უწევდათ.
ათასობით შიიტი სამართალდამცავი ირანიდან, ლიბანიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და იემენიდან, აცხადებდა, რომ იბრძოდა სირიის არმიის მხარდამხარ, რათა დაეცვათ მთელი ქალაქი.
რატომ ჩაერივნენ კონფლიქტში გარე ძალები
რუსეთი
რუსეთმა 2015 წელს სირიაზე საჰაერო შეტევა დაიწყო, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, მიზნად ისახავდა ტერორისტული ჯგუფების განადგურებას, თუმცა აქტივისტების მტკიცებით, რუსული ავიადარტყმების მთავარი სამიზნე ამბოხებულთა ჯგუფები იყო.
ექვსი თვის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანა, რუსეთის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი სირიიდან გამოსულიყო, ვინაიდან მისი შეფასებით, მისია შესრულდა. ამის მიუხედავად, 2016 წლის დეკემბერში, რუსეთის საჰაერო და სარაკეტო დარტყმებმა მთავარი როლი ითამაშა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ალეპო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადასულიყო.
რუსეთს სირიის მიმართ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ინტერესი აქვს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბაზა ტარტუსზე. რუსეთს ტარტუსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჰყავს სამხედრო ტექნიკა. ეს ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი რუსული ბაზაა.
გარდა ამისა, სირიის კონფლიქტში მონაწილეობით, რუსეთი მესიჯს უგზავნის მთელს მსოფლიოს, რომ ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალაა.
ასევე, ის ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომელთა სამიზნეც არის რუსეთი.
ირანი
გავრცელებული ინფორმაციით, ირანი, ყოველწლიურად, მილიარდობით დოლარს ხარჯავს სირიის ხელისუფლების დასახმარებლად, გზავნის სამხედრო მრჩევლებს და აფინანსებს იარაღის შესყიდვას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ირანმა სირიის ტერიტორიაზე ასობით საბრძოლო დანაყოფი განათავსა.
ბაშარ ალ-ასადი ირანის ყველაზე ახლო მოკავშირეა არაბულ სახელმწიფოებს შორის და სირია არის მთავარი სატრანზიტო დერეფანი ირანისათვის, რომელიც იარაღის ტვირთს ლიბანში შიიტურ მოძრაობა ჰეზბოლას უგზავნის, რომელიც სამთავრობო ძალების დასახმარებლად ათასობით მებრძოლს აგზავნის.
აშშ
აშშ, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ასადი არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ დანაშაულებებზე, ძალიან მცირე სამხედრო დახმარებას უწევს ამბოხებულთა ჯგუფებს, ვინაიდან შიშობს, რომ იარაღის სრულად მიწოდების შემდეგ, შესაძლოა ეს იარაღი ჯიჰადისტების ხელში აღმოჩნდეს.
აშშ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიადარტყმებს 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. აშშ-მ 2017 წელს განახორციელა პირველი საერთაშორისო დარტყმა უშუალოდ სირიაზე, კერძოდ ავიაბაზაზე, საიდანაც ხელისუფლების მტკიცებით, 2017 წლის აპრილში მომაკვდინებელი ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს თავისი მთავარი მეტოქის ირანის გავლენებს. საუდის არაბეთი არის სირიის ამბოხებულთა მთავარი მომმარაგებელი სამხედრო ტექნიკითა და ფინანსებით.
თურქეთი
თურქეთი ამბოხებულების კიდევ ერთი მხარდამჭერია. 2016 წლის აგვისტოში, თურქეთი აქტიურად უჭერდა მხარს ამბოხებულებს, რათა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები გაედევნა სირიის იმ დარჩენილი სასაზღვრო ტერიტორიიდან, რომელსაც ქურთები ვერ აკონტროლებდნენ.
რა გავლენა აქვს სირიის ომს
გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სირიაში 250 ათასი ადამიანი დაიღუპა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 321 ათასამდე გაიზარდა. 2016 წლის მონაცემებით, კონფლიქტმა 470 ათასი ადამიანი შეიწირა.
სირიელების 85% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 1.75 მილიონი ბავშვი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.
რა კეთდება კონფლიქტის დასასრულებლად
საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა. გაერო-ს უშიშროების საბჭო ითხოვს 2012 წლის ჟენევის კომუნიკეს იმპლემენტაციას.
სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წლის დასაწყისში დაიწყო, რომელიც ჟენევა II-ის სახელით არის ცნობილი. მოლაპარაკებები შეწყდა ორი რაუნდის შემდეგ, ვინაიდან გაერო-მ ოპოზიციის მოთხოვნების განხილვაზე უარის თქმის გამო, სირიის მთავრობა გაკიცხა.
პირველი რაუნდი ჯერ კიდევ მომზადების ფაზაში ჩაიშალა, ვინაიდან სამთავრობო ძალებმა ალეპოში აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. მოლაპარაკებები 2016 წლის მარტში დასრულდა, მას შემდეგ რაც აშშ-მა და რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა შეთანხმება იმავე თვეში დაარღვიეს.
კიდევ ერთი ზავი ალეპოს დაცემის შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის დაიდო. 2017 წლის იანვარში ყაზახეთის, თურქეთისა და რუსეთის მასპინძლობით, გაიმართა პირველი პირისპირ შეხვედრა ამბოხებულებსა და მთავრობის ოფიციალურ პირებს შორის. როგორც გაერო-ს წარმომადგენელმა სტაფან დე მისტურამ აღნიშნა, „მიღწეულია იმაზე მეტი, ვიდრე ბევრი ადამიანი წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით“.
რა დარჩა ამბოხებულთა ტერიტორიიდან
ალეპოს დაცემა იმას ნიშნავს, რომ სირიის ოთხ ყველაზე დიდ ქალაქს მთავრობა აკონტროლებს. თუმცა ქვეყნის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ არის კონტროლირებული.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამბოხებულ მებრძოლებსა და ჯიჰადისტებს სირის 15% უკავიათ.
ამბოხებულები აკონტროლებენ ცენტრალური პროვინცია ჰომსის პატარა ტერიტორიებს, სამხრეთით მდებარე დერაასა და კუნეიტრას, ასევე აღმოსავლეთ გოუთას.
ქურთები, რომლებიც ამტკიცებენ რომ მხარს არ უჭერენ არც მთავრობას და არც ოპოზიციას, ამავდროულად, აკონტროლებენ თურქეთთან სირიის საზღვრის დიდ ნაწილს, გარდა ამისა – ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ნაწილს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ადამიანური დანაკარგი ჰქონდათ, ე.წ. ისალმური სახელმწიფოს მებრძოლები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კონტროლს ცენტრალური და სამხრეთ სირიის დიდ ნაწილზე, მათ შორის რაქაზე.
წყარო: BBC,
CNN