რატომ ჩაყარეს ლოს-ანჯელესის წყალსაცავში 96 მილიონი შავი ბურთი
რატომ ჩაყარეს ლოს-ანჯელესის წყალსაცავში 96 მილიონი შავი ბურთი

რამდენიმე წლის წინ, ლოს-ანჯელესის წყალსაცავში 96 მილიონი პლასტმასის ბურთი ჩაყარეს, რითაც ტბის ზედაპირი სრულად დაფარეს. ალბათ იკითხავთ, რატომ? ერთ-ერთი მიზანი რა თქმა უნდა, წყლის აორთქლების შეჩერება იყო, მაგრამ არის კიდევ ერთი სხვა მიზეზიც.

წყალსატევში 12,5 მილიარდი ლიტრი წყალია და უზრუნველყოფს ლოს-ანჟელესის მოსახლეობის დიდი ნაწილის წყალმომარაგებას.

ბურთები ტბაში მხოლოდ წყლის აორთქლების შესაჩერებლად არ ჩაუყრიათ. საქმე ეხება ნივთიერება ბრომიდს, რომელიც როგორც წესი, მლაშე წყალში გვხვდება.

ბრომიდი ადამიანებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ თუკი მისგან დამლაშებული წყალი რეზერვუარში შეაღწევს და ოზონთან ურთიერთქმედებაში შევა, შეუძლია წარმოქმნას ნაერთი ბრომატი, რომელიც კანცეროგენია.

ლოს-ანჯელესის წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ბრომატის დონეს ისინი მუდმივად აკონტროლებენ, მაგრამ გარკვეული მიზეზით, რეზერვუარში წყლის შესვლისას, კანცეროგენის მაჩვენებელი იმატებს. როგორც ჩანს, ბრომიდისა და ქლორის მზის სხივებთან ურთიერთქმედებით, რეაქციის შედეგად იმაზე მეტი ბრომატი წარმოიქმნება, ვიდრე ოზონთან ურთიერთქმედებით.

ბურთების ჩაყრა პრობლემის უცნაური, მაგრამ საოცრად კარგი გადაჭრის გზა აღმოჩნდა. პლასტმასის ასეთ შავ ბურთებს როგორც წესი აეროპორტების სიახლოვეს არსებულ წყლებში ყრიან, რათა იქ ფრინველები არ დასხდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი არანაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა მზის სინათლისგან დასაცავად.

ლოს-ანჯელესის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის, მარტი ადამსის განცხადებით, ბურთებმა პრობლემა დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

მისივე თქმით, ნახშირისფერი შეფერილობის გამო, თითოეული ბურთი გარანტირებულად ვარგისია ათი წლის განმავლობაში, თანაც ისე, რომ წყალში არ გამოყოფს არანაირ ტოქსიკურ ნივთიერებას. გარდა ამისა, ბურთების ჩაყრის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიას უფრო ნაკლები ქლორის გამოყენება უწევს წყალმცენარეთა ზრდის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ წყალმცენარეებისთვის მზის სინათლე სასიცოცხლოა.

მიუხედავად იმისა, რომ ბურთების ჩაყრის თავდაპირველი მიზანი სულაც არ ყოფილა აორთქლების შეჩერება, შავი სფეროები ამ მხრივაც ძლიერ ეფექტიანი აღმოჩნდა. წყლის აორთქლება 80-90 პროცენტით შემცირდა.