რატომ არის ზოგ ქვეყანაში მარჯვენა საავტომობილო მოძრაობა, ზოგში კი მარცხენა - უცნაური მიზეზი
20:02, 25.04.2018
მსოფლიო ქვეყნების 65%-ში საავტომობილო მოძრაობა გზის მარჯვენა მხარესაა, დანარჩენ 35%-ში კი მარცხნივ. საინტერესოა, რატომ არ არსებობს ამ მხრივ კონსენსუსი? მიზეზი ძირითადად ბრიტანეთის იმპერიაა და… ხმლები, დიახ, ხმლები.
ცნობილი საავტომობილო YouTube-არხის, Carfection-ის ცნობით, მარცხნივ მოძრაობა სათავეს შუა საუკუნებში იღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ცხენზე ამხედრებული მეომრების დიდი ნაწილი ცაცია არ იყო, ხმლებს მარჯვენა ხელით ატარებდნენ და გზის მარცხენა მხარეს მოძრაობდნენ, რადგან მარჯვენა მკლავი მოწინააღმდეგესთან უფრო ახლოს ჰქონოდათ და ადვილი ყოფილიყო როგორც დარტყმა, ისე მოგერიება. გარდა ამისა, გაცილებით ადვილია ცხენზე ასვლა და შეჯდომა მისი მარცხენა მხრიდან. ცხენზე ასვლა და ჩამოსვლა უფრო უსაფრთხო იყო გზის განაპირა ნაწილებიდან, ვიდრე შუა ნაწილში მოძრაობისას. შესაბამისად, თუ ცხენზე შეჯდომა მარცხენა მხრიდან სურდათ, მას გზის მარცხენა ნაწილში უნდა ევლო.
სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოძრაობდნენ ბრიტანელები გზის მარცხენა მხარეს, რაც შემდეგ, მატარებლებსა და ავტომობილებსაც მოარგეს.
გარდა ბრიტანეთისა, ამჟამად საავტომობილო მოძრაობა გზის მარცხენა მხარეს არის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთი. რა აქვთ მათ საერთო? პასუხი მარტივია — ყველა მათგანი ერთ დროს ბრიტანეთის კოლონია იყო.
მაგრამ რაც შეეხება იაპონიას? რა თქმა უნდა, იაპონია არასოდეს ყოფილა ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი, თუმცა, სარკინიგზო ქსელის მშენებლობაში იაპონიას ინგლისი დაეხმარა. შესაბამისად, მარცხენა მხარეს მოძრაობა თანდათან აქაც სტანდარტად იქცა.
1700-იანი წლების ბოლოს, საფრანგთსა და აშშ-ში ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები დიდი ვაგონებით გადაჰონდათ, რომლებსაც ოთხი ცხენი ეწეოდა. ვაგონებს მძღოლის ადგილი არ ჰქონდა. მძღოლი მარცხენა უკანა ცხენზე იჯდა, რათა უფრო მარტივი ყოფილიყო მათრახის გამოყენება. იქიდან გამომდინარე, რომ ის მარცხნივ იჯდა, ბუნებრივია, სურდა გვერდი ყველასთვის მარცხნიდა აევლო და კარგად ხედავდა წინიდან მომდინარე სხვა ვაგონებსაც. შესაბამისად, ის გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობდა.
მარჯვნივ მოძრაობას ამჯობინებდნე ფრანგი გლეხებიც. რევოლუციის დროს, ბურჟუაზიამაც იგივე დაიწყო.
და ბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტი: 1967 წლის 3 სექტემბერს, შვედეთში მარცხენა მოძრაობა მარჯვენათი შეიცვალა, რამაც მთელი ქვეყნის გზებზე საშინელი ქაოსი და მრავალი ავარია გამოიწვია.