რატი იონათამიშვილი - ვნახეთ, როგორ შეიცვალა პარტნიორთა განცხადებები ობიექტური ინფორმაციის შემდეგ, უგულავას შემთხვევაშიც მსგავს საკითხთან გვაქვს საქმე
რატი იონათამიშვილი - ვნახეთ, როგორ შეიცვალა პარტნიორთა განცხადებები ობიექტური ინფორმაციის შემდეგ, უგულავას შემთხვევაშიც მსგავს საკითხთან გვაქვს საქმე

ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგი უგულავას დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, არასწორი ინტერპრეტაციით, პროცედურის ნაწილზე გაამახვილოს ყურადღება, მთავარი თემა კი 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა.

„ვხედავთ, ცდილობენ, ვისაუბროთ პროცედურის ნაწილზე, ისიც არასწორი ინტერპეტაციით, მაშინ, როცა მთავარი თემა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა. ეს თანხა ეკუთვნის ხალხს და სახელმწიფოს. ცხადია, არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარის გაფლანგვა არავის შერჩება. საზოგადოების ყურადღება გადავიდა პროცედურულ ნაწილზე და მთავარ თემაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის 48 მილიონი ლარის გაფლანგვა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენ ადამ კინზინგერიგანცხადებას გიგი უგულავას დაკავებაზე, იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან.

„ვნახეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები მაშინ, როცა ეს არასწორი ინფორმაციის შედეგად კეთდებოდა და ვნახეთ, როგორ შეიცვალა ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით ამ მხრივადაც მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებას“ ,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.