რატი იონათამიშვილი - ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელების ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, აქედან ჩანს, როგორი ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში
რატი იონათამიშვილი - ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელების ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, აქედან ჩანს, როგორი ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში

სალომე ზურაბიშვილმა ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია. ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ფეხბურთელების ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, როგორი ფასადური და ფარისეველია სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი აქტის გამოცემას არ აპირებდა და, როგორც ჩანს, არ ეცალა, რადგან ხან ქარტიებს ამზადებს, ხან გაურკვეველ დოკუმენტებს და ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოება, რომელთაც ქვეყანას სიხარული მოუტანეს. მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უპასუხისმგებლობაში ამხილეს, მაგრამ ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია, რადგან ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, რომელთა წვლილიც დიდი იყო. აქედან ჩანს, როგორი ფასადურია და ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 16 ივნისს გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“.