რატი იონათამიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ერთ-ერთი ფუნდამენტურია
საზოგადოებრივ მაუწყებელს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავი დღეს, მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ერთ-ერთი ფუნდამენტურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პარალიმპური სპორტის პოპულარიზაცია სახელმწიფოებრივი საქმეა.
„მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე. ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ელოდა ამ შენობის პრეზენტაციას, ეს ახალ სტანდარტზე აიყვანს ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, კერძოდ, გამოვყოფ მხარდაჭერას, რაც პარაოლიმპურ მოძრაობას აქვს. ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც პარაოლიმპური მოძრაობის და სპორტის ასეთი უპრეცედენტო პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.