რატი იონათამიშვილი - საზოგადოებისთვის გახარია და ხაზარაძე მიუღებელია, თაღლითურ-მოღალატეობრივი პარტიები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფინალი ერთი იქნება
რატი იონათამიშვილი - საზოგადოებისთვის გახარია და ხაზარაძე მიუღებელია, თაღლითურ-მოღალატეობრივი პარტიები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფინალი ერთი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მანდატების მისაღებად ყველაფერზე მიდიან.

იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას სიყალბეს სთავაზობს და მსგავსი გაერთიანებები ყოველთვის კრახისთვის არის განწირული.

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა თუნდაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამორალური სახე აჩვენეს, რათა საპარლამენტო მანდატები ჰქონდეთ. ამომრჩევლის წინაშე საერთოდ რა ნამუსით უნდა წარდგნენ, გაუგებარია. ამ ადამიანებს შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. რასაც ვხედავთ, ეს არის მარცხის სცენარი და ამის მონაწილეები არიან რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი დამოუკიდებელ ადამიანებს არ წარმოადგენენ. მით უმეტეს, არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პარტიებს. მათი გადანაწილება იმისთვის ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მიიღონ პარლამენტში. მათი მთავარი ამოცანა და მიზანი დეპუტატობაა. შესაბამისად, ასეთი გაერთიანებები ყოველთვის კრახისთვის იქნება განწირული. საზოგადოება დაიღალა იმ სიყალბით, რასაც რადიკალური ოპოზიცია სთავაზობს. როგორც ჩანს, ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანებისთვის დამსახურებულად იქნება ბოლო არჩევნები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ვაშაძეა მომწოდებელი რადიკალური ჯგუფების მიმართ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, როგორი დაცლილი არიან არა მხოლოდ პრინციპებისგან, არამედ ლიდერებისგან. ამ ადამიანების სახე რა დონეზეა დაცემული და როგორ ფსკერზე არიან, ეს ვაშაძის განცხადებიდანაც ჩანს. საზოგადოებას გახარიასა და ხაზარაძის დითირამბები არ აინტერესებს. ისინი მიუღებელი არიან, რადგან ერთის სახელია მოღალატე, მეორის – თაღლითი. თაღლითურ-მოღალატეობრივი პარტიები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთი ფინალი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.