რატი იონათამიშვილი - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ღირსებით განვაგრძობთ გზას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ
რატი იონათამიშვილი - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ღირსებით განვაგრძობთ გზას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ

მოხარული ვარ, რომ შემიძლია, წარვსდგე ასამბლეაზე ჩემი ქვეყნის, საქართველოს სახელით, რომელიც არის ამაყი და თავისუფალი ქვეყანა, სადაც მაღალი სტანდარტით არის დაცული კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობის პრინციპი, ტრადიციული და ევროპული ფასეულობები, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიუ იორკში, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეის მონაწილეებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ერთი წლის წინ საქართველო ელოდებოდა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ახლა კი ქვეყანას უკვე აქვს სტატუსი და აგრძელებს წინსვლას.

„ერთი წლის წინ თქვენ წინაშე მე ვსაუბრობდი, რომ საქართველო ელოდა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას და გიყვებოდით ქართველი შშმ პირების დამსახურებაზე ამ გზაზე, მათ შორის, გლობალური მშვიდობის დაცვის პროცესში შეტანილ წვლილზე. დღეს მე სიამაყით გიზიარებთ, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ღირსებით განვაგრძობთ გზას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისაკენ. 1991 წელს საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელაც მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან, ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ შევინართუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი და დღეს საქართველო „შუა დერეფნის“ სახით თამაშობს გადამწყვეტ როლს ევროპისა და აზიის სავაჭრო გზების დასაკავშირებლად. ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით მშვიდობის და თავისუფლების ფასი. ძვირფასო მეგობრებო, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე სესიის თემატური ფოკუსის მნიშვნელობა, შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზია, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მომავლის სამიტის მოლოდინში, მოდით, გავიმეოროთ ჩვენი ვალდებულება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა შშმ პირთა უფლებებისთვის და არავინ დავტოვოთ აღნიშნულის მიღმა. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ამ სესიის ფარგლებში, არის ჰუმანიტარული – საგანგებო სიტუაციების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვითარება ერთნაირად მძიმეა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირებისათვის. სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში მოქმედ გაერო-ს სააგენტოებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების პირობების გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ხელოვნურად დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია და გაძლიერებული ჰუმანიტარული ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პირებს შეეძლოთ საჭირო სერვისებითა და შესაძლებლობებით სარგებლობა.

„დასასრულ, 2024 წელი არის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების წელი. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსოფლიოში მცხოვრები 1,2 მილიარდი შშმ პირისთვის, არამედ მსოფლიოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პარალიმპიური თამაშები ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ თანასწორობის, მშვიდობისა და თავისუფლების იდეას ალტერნატივა არ გააჩნია. და მე მჯერა, არ არის შორს ის დრო, როდესაც პარალიმპიურ მწვერვალებს ქართველი პარაათლეტები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად დავლაშქრავთ. არა – ოკუპაციას! დიახ – მშვიდობასა და თანასწორობას!“ – განაცხადა იონათამიშვილმა.