რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი იმას კი არ ნანობს, რომ ახალგაზრდა კაცი აწამეს, მოკლეს, მკვლელებს დააფარეს ხელი, არამედ იმას, რომ გირგვლიანის საქმე არ გამოიყენა მერაბიშვილის წინააღმდეგ, ეს ამორალურობას უსვამს ხაზს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.
„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის საქართველოში ქურდული შემოპარვის უკან გარე ძალები იდგნენ, ერთი მიზეზით და მიზნით, რომ მათ რამენაირად, ქაოსის და არეულობის საფუძველზე, დანაშაულებრივად ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში. ახლა, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილის თქმით, ინტერვიუში სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული კომენტარი ამორალობაა.
„ცალკე ამორალურობას უსვამს ხაზს, რასაც ის დღეს საუბრობს გირგვლიანის საქმეზე და მერაბიშვილზე. ის იმას კი არ ნანობს, რომ ახალგაზრდა კაცი აწამეს, მოკლეს და შემდეგ მკვლელებს დააფარეს ხელი, არამედ 18 წლის მერე ნანობს, რომ გირგვლიანის საქმე არ გამოიყენა მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ 2023 წელს უფრო ამორალურია „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე 2005 წელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.