მიხეილ სააკაშვილი - გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე
მიხეილ სააკაშვილი - გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე

ჩემი მმართველობის პერიოდში სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს მის ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა, სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.