რატი იონათამიშვილი - რუს დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტში შესვლის უფლება, თუ ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს
რუს დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება, თუ ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს დანაშაულისთვის, რაც მისმა ქვეყანამ ჩაიდინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისა და სიტყვით გამოსვლის უფლება, თუ ის ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს და საქართველოს იმ დანაშაულისთვის, რაც მისმა ქვეყანამ ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩაიდინა!“, – წერს რატი იონათამიშვილი.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.