რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ბოდიში აქვს მოსახდელი მოსახლეობის წინაშე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე ცილს სწამებენ ქვეყანას, დღეს გამოაშკარავდა, რომ ისინი მტრობენ ქვეყანას
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ბოდიში აქვს მოსახდელი მოსახლეობის წინაშე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე ცილს სწამებენ ქვეყანას, დღეს გამოაშკარავდა, რომ ისინი მტრობენ ქვეყანას

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის შეფასება, ცხადია, ობიექტურია და ამ შეფასებების ფონზე, ის რეაქცია და ისტერია, რაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, ის დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდა წარმოებული მთელი ამ ხნის განმავლობაში, გაშიშვლდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრთა შეფასებების ფონზე, „ეს ნამდვილად იყო საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ამ კონკრეტული ადამიანების მხრიდან“.

„ვფიქრობ, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მედიასაშუალებებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, რომ ყოველგვარი ფაქტებისა და საფუძვლის გარეშე ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას ათას სიბინძურეში. ფაქტობრივად, დღეს გამოაშკარავდა, რომ ეს ადამიანები მტრობენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა დღეს აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.