რატი იონათამიშვილი - ქვეყანაში პოლარიზაცია კი არა, არსებობს რადიკალიზაცია რადიკალური ჯგუფების მხრიდან, ამიტომაც კარგავენ კატასტროფულად მხარდამჭერებსაც
სინამდვილეში ეს სამი პარტია, თუ სამი პიროვნება გაერთიანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს ერთი პროცენტი მაინც აიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე პოლიტიკურ ამინდზე და საკუთარ რეიტინგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ.
„სინამდვილეში, ეს სამი პარტია, თუ სამი პიროვნება გაერთიანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს იქნებ ერთი პროცენტი მაინც აიღონ. ვინაიდან მათი პოლიტიკური აქტივები დღითიდღე უფასურდება, ესეც განპირობებულია მათი დესტრუქციული, რადიკალური, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებითა და პოზიციების გამო. შესაბამისად, ცხადია, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, ვერც პოლიტიკურ ამინდზე, ვერც საკუთარ რეიტინგზე. უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს უფრო გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება, როდესაც ასეთი მარგინალური ჯგუფები ერთი ხაზის ქვეშ იქნებიან გაერთიანებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, რატი იონათამიშვილმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოლარიზებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაცია კი არა, არსებობს რადიკალიზაცია რადიკალური ჯგუფებისგან, რაც საკუთარ მხარდამჭერებსაც აკარგვინებთ.
„სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია კი არა, არსებობს რადიკალიზაცია რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ერთ მხარეს არის პროაქტიული სამუშაო დღის წესრიგი, სადაც არის ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, ასევე 12 პუნქტის შესრულებაზე. მეორე მხარეს კი არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნებისმიერი პროცესის მიმართ, ანტისახელმწიფოებრივი და უსამშობლო ქმედებები. შესაბამისად, ეს არის სხვაობა და სადაც არის რადიკალიზაცია, ეს რადიკალიზაცია სულ უფრო მეტად ვიწროვდება. საზოგადოებისთვის და მათი ამომრჩევლისთვისაც ის აქტუალური არ არის, ამიტომაც კარგავენ კატასტროფულად საკუთარ მხარდამჭერებსაც კი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.